საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა სტრატეგიული ხედვის დოკუმენტი და ორგანიზაციული განვითარების გეგმა შეიმუშავა
2018 წლის მაისი-აგვისტოს პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, სინერჯი ჯგუფთან ერთად, ინტენსიურად მუშაობდა სტრატეგიის და ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარებაზე. პროცესის შედეგად, 2018 წლის 14 სექტემბერს სახალხო დამცველის აპარატის 2019-2021 წლების სტრატეგიული ამოცანები, ორგანიზაციული განვითარების ძირითადი პრიორიტეტები და 2019 წლის სამოქმედო გეგმა დამტკიცდა.
საწყის ეტაპზე სინერჯი ჯგუფის მიერ შემუშავებული სპეციალური მეთოდოლოგიის საფუძველზე, აპარატში დასაქმებულ და დაინტერესებულ პირთა მაქსიმალური ჩართულობით შეფასდა სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობა და ორგანიზაციული სტრუქტურა. შემდეგ დამუშავდა სტრატეგიული ამოცანები და განისაზღვრა 2019 წლის სამოქმედო გეგმა. სტრატეგიის ეფექტური განხორციელებისთვის, ასევე, იგეგმება ორგანიზაციული სტრუქტურის გადახედვა და ამ მიმართებით წარმოდგენილ იქნა სტრუქტურული ცვლილებების პროექტი.
აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში, საქართველოს სახალხო დამცველის მანდატის გაფართოებისა და დამოუკიდებლობის დამატებითი გარანტიების შექმნის მიუხედავად, აპარატის საქმიანობის ერთიანი შეფასება და ორგანიზაციული განვითარების სტრატეგიული ხედვის შემუშავება არ მომხდარა, რაც თავის მხრივ ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტით დაცვის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში უახლოეს მომავალში იგეგმება სტრუქტურის რეორგანიზაცია, რომლის მიზანია დასახული ამოცანების მიღწევა გამართული სისტემითა და სწორად ორგანიზებული პროცესებით. რეორგანიზაცია მათ შორის, ითვალისწინებს არსებული სტრუქტურული ერთეულების და დასაქმებულთა სწორ გადანაწილებას და მათი რესურსის უფრო ეფექტურად გამოყენებას. ამასთან, სახალხო დამცველი უახლოეს პერიოდში დაგეგმავს შეხვედრებს და საზოგადოებასა და დაინტერესებულ ორგანიზაციებს დამატებით მიაწვდის აპარატში დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე დეტალურ ინფორმაციას.
აღსანიშნავია, რომ სტრატეგიის და ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარების პროცესი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა.