ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველმა ომბუდსმენთა საერთაშორისო ინსტიტუტის (IOI) შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა

2022 წლის 9-12 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ აშშ-ს ქალაქ ნიუ-იორკში ომბუდსმენთა საერთაშორისო ინსტიტუტის (IOI) საერთაშორისო მმართველი საბჭოს ყოველწლიურ შეხვედრაში და ასევე, IOI-ის რეგიონულ დირექტორთა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

IOI-ს საერთაშორისო მმართველი საბჭოს შეხვედრაზე გაეროს ომბუდსმენმა ქალბატონმა შირინ დოდსონმა პრეზენტაცია წარმოადგინა, რომელზეც თავის საქმიანობასა და როლზე ისაუბრა. მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს IOI-ის ძალისხმევაზე, გაეროს გენერალურ ასამბლეაში დამკვირვებლის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურად მუშაობს.

შეხვედრაზე IOI-ს საერთაშორისო მმართველმა საბჭომ თავის წევრად, აფრიკიდან, კარიბის ზღვის რეგიონის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკიდან შვიდი ახალი ინსტიტუტი მიიღო.

საბჭოს თანხმობით, ასევე გადაწყდა, რომ IOI მომავალში ჩაატარებს ტრენინგებს სპეციფიური აქცენტით ისეთ თემებზე, როგორიცაა წამების პრევენცია ლათინურ ამერიკაში, მედია უნარები და სხვა. განიხილეს სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც.

IOI-ის პრეზიდენტმა კრის ფილდმა შეხვედრის ფარგლებში ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს IOI-სა და გაეროს ტრენინგისა და კვლევის ინსტიტუტს (UNITAR) შორის.

2022 წლის 25-27 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საბერძნეთის ომბუდსმენის ანდრეას პოტაკისის მოწვევით, მონაწილეობა მიიღო ქალაქ სუნიოში გამართულ IOI-ს ევროპის რეგიონის დირექტორთა საბჭოს შეხვედრაში, ასევე დაესწრო IOI ევროპის გენერალურ ასამბლეას და კონფერენციას თემაზე: „ომბუდსმენის ინსტიტუტის გადატვირთვა: მანდატი და ოპერატიული ჩარჩო პოსტ-მოდერნიზმის ერაში“.

აღსანიშნავია, რომ სუნიოში გამართულ კონფერენციაზე სტრასბურგის სასამართლოს ერთ-ერთმა მოსამართლემ თავის მოხსენებაში განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სასამართლოს დიდი პალატის მიერ ისლანდიის წინააღმდეგ განხილულ საქმეში საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ სასამართლო მეგობრის მოსაზრებას, როგორც საუკეთესო პრაქტიკას და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან თანამშრომლობა მისაბაძ მაგალითად დაასახელა.

საქართველოს სახალხო დამცველი 2019 წლიდან არის IOI-ს ევროპის რეგიონის დირექტორთა საბჭოს წევრი, ხოლო 2021 წლიდან IOI-ს საერთაშორისო მმართველი საბჭოს წევრი.

* IOI დაარსდა კანადაში 1978 წელს და არის ერთადერთი გლობალური ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს აფრიკის, აზიის, ავსტრალიის და წყნარი ოკეანის, ევროპის, კარიბის ზღვის, ლათინური და ჩრდილოეთ ამერიკის დამოუკიდებელ ომბუდსმენის ინსტიტუტებს. როგორც ერთადერთი გლობალური ორგანიზაცია, IOI წარმოადგენს ომბუდსმენებს მთელ მსოფლიოში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)