ახალი ამბები

სახალხო დამცველი გენერალური ინსპექციების მუშაობას კვლავ არაეფექტიანად მიიჩნევს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მუშაობა კვლავ არსებითი ხარვეზებით გრძელდება. აღნიშნული, სახალხო დამცველის აპარატის მიერ, ბოლო პერიოდში, სამი კონკრეტული საქმის შესწავლის შედეგად დადასტურდა.

საქმეთა ანალიზმა აჩვენა, რომ უფლებადარღვევის სავარაუდო ფაქტებზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში სამსახურებრივი შემოწმება არაჯეროვნად ჩატარდა, რამაც ხელი შეუშალა განმცხადებლების მიერ მითითებული კანონდარღვევების შესწავლასა და გამოვლენას. საგამოძიებო უწყებების გენერალური ინსპექციები სრულფასოვნად არ იკვლევენ მოქალაქეთა საჩივრებს, სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტების გამოსავლენად არ მოიპოვებენ ნეიტრალურ მტკიცებულებებს და ძირითად შემთხვევებში შემოიფარგლებიან მხოლოდ სავარაუდო კანონდამრღვევი თანამშრომლების გამოკითხვით, რომლებიც ცხადია, უარყოფენ მათი მხრიდან კანონის დარღვევის ფაქტებს.

ი.კ.-ს საქმე: მსჯავრდებული მიუთითებდა, რომ სასამართლოში მის მიმართ უკანონო ქმედება განახორციელა პენიტენციური სამსახურის იურისტმა. იურისტის მხრიდან სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას. განმცხადებლის თქმით, პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი ითხოვდა მსჯავრდებულს შეეწყვიტა ჩივილი სამინისტროს მიმართ. უფლებადარღვევის ფაქტის შესწავლის მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტმა მხოლოდ უწყების თანამშრომლები გამოკითხა, თუმცა ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების მცდელობაც კი არ ჰქონიათ. არ მოიპოვეს არც ვიდეო ჩანაწერები და არც სასამართლოს რელევანტური თანამშრომელი გამოკითხეს.

ი.ჯ.-ს, ლ.ჩ.-ს, კ.მ.-სა და გ.ხ.-ს საქმე: ერთ-ერთი პენიტენციური დაწესებულების ოთხი ყოფილი თანამშრომელი დაწესებულების დირექტორისა და ადმინისტრაციის სხვა ხელმძღვანელი პირების მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედებებსა და ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელების ფაქტებზე მიუთითებდა. ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატმა მონიტორინგის დეპარტამენტს მიაწოდა. თუმცა, მონიტორინგის დეპარტამენტმა უგულებელყო სახალხო დამცველის აპარატის მიმართვა და მიწოდებული საკითხები არ გამოიკვლია. კონკრეტული სავარაუდო კანონდარღვევების შესწავლის მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტს არ ჩამოურთმევია ახსნა-განმარტება პენიტენციური დაწესებულების არცერთი თანამშრომლისთვის; არ გამოუკითხავთ დაწესებულებაში განთავსებული პატიმრები; უშუალოდ ლ. ჩ.-სა და გ.ხ.-ს გამოკითხვა კი არ მომხდარა დეტალურად.

ი.რ.-ს საქმე: მოქალაქე აცხადებდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაახლოებით 8 საათი ავტომობილით დაატარებდნენ, ისე, რომ არ განუმარტეს უფლებები, დაკავების მიზეზი და საფუძველი. ასევე, მოქალაქე აცხადებდა, რომ პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დააყოვნეს ხანგრძლივი ვადით, შემდეგ კი ხელი მოაწერინეს ცარიელ ფურცელზე. საკითხთან დაკავშირებით, შსს გენერალურმა ინსპექციამ არც კი გამოკითხა სავარაუდო უფლებადარღვეული მოქალაქე; არ გამოკითხა პოლიციის რამდენიმე რელევანტური თანამშრომელი; არ გამოკითხა ის პირებიც, რომლებიც შესაძლოა მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ ი.რ.-ს დაკავების ფაქტის შესახებ; არ მოიპოვეს კამარების ვიდეოჩანაწერები და სხვა.

ზემოაღნიშნული სტრუქტურული ერთეულების ვალდებულებაა შეამოწმონ სამართალდამცავი უწყების თანამშრომელთა მხრიდან ადამიანის უფლებათა დაცვის, სამსახურებრივი მოვალეობებისა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების ხარისხი. ამის საწინააღმდეგოდ კი, დისციპლინურ წარმოებას ხშირ შემთხვევაში კვლავ ფორმალური სახე გააჩნია და უწყებები მოქალაქეთა საჩივრებზე ადეკვატურად კვლავ არ რეაგირებენ. დისციპლინური წარმოების პრაქტიკის პრობლემურობას სახალხო დამცველმა წლების წინ სპეციალური ანგარიშიც მიუძღვნა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)