ახალი ამბები

სახალხო დამცველი უფლებადამცველ ნატა ფერაძის ავტომანქანის დაზიანების ფაქტს ეხმაურება

2022 წლის 22 ოქტომბერს, მედიით გავრცელდა ინფორმაცია სამოქალაქო აქტივისტის ნატა ფერაძის ავტომანქანის საღებავებით მოხატვისა და მასზე შეურაცხმყოფელი წარწერების დატოვების შესახებ. თავად უფლებადამცველი აღნიშნულის სავარაუდო მიზეზად თბილისის მერისადმი ბოლო პერიოდში გამოთქმულ კრიტიკასა და „ალტ-ინფოს“ წინააღმდეგ გაჟღერებულ პოზიციას ასახელებს.

სახალხო დამცველი გმობს ზემოხსენებული თავდასხმის ფაქტს, როგორც სამოქალაქო აქტივისტის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ანგარიშსწორებას, რომლის მიზანიც ქვეყანაში უფლებადაცვითი საქმიანობის განხორციელებისთვის დამაშინებელი გარემოს შექმნაა.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა კრიტიკა მათი საქმიანობის გაუმჯობესებისა და ანგარიშვალდებულების ზრდას ემსახურება. ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხების საჯარო განხილვა უფლებადაცვით საქმიანობას განეკუთვნება, რომელსაც არსებითი წვლილი შეაქვს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. უფლებადამცველთა შეუფასებელი როლის გათვალისწინებით, საერთაშორისო დონეზე მათ დასაცავად, არაერთი გარანტიაა შექმნილი,[1] რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, მათ შორის, დაიცვას აქტივისტები მესამე პირთა მხრიდან განხორციელებული თავდასხმებისგან, ხოლო ასეთი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში, უზრუნველყოს ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება დაუსჯელობის გარემოს თავიდან ასაცილებლად.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, ჩაატარონ დროული და ყოვლისმომცველი გამოძიება ნატა ფერაძის ავტომანქანის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირების და მათთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით.

საგულისხმოა, რომ უფლებადამცველთა მიმართ მტრული გარემოს შექმნას გარკვეულწილად ხელს უწყობს წლების განმავლობაში, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან მათი დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებები, რაც სახალხო დამცველმა წარსულში არაერთხელ შეაფასა მიუღებელ პრაქტიკად.[2] ამდენად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თანამდებობის პირებს, თავი შეიკავონ უფლებადამცველთა წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიებში ჩართვისგან და საჯაროდ დაგმონ მათ მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები.


[1] მათ შორის, იხ. გაეროს 1998 წლის დეკლარაცია უფლებადამცველების შესახებ, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/3f6zeqa >; ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში უფლებადამცველების დაცვის შესახებ საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/3socFQZ > და უფლებადამცველთა დაცვის თაობაზე ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სახელმძღვანელო, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/3D1he8O >.

[2] სახალხო დამცველის 2021 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ.194; სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ.257; სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ.250; სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ.167.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)