ახალი ამბები

სახალხო დამცველის აპარატი პოლიტიკური ოპონირებისას ბავშვის უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტებს ეხმიანება

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ეხმიანება ბოლო პერიოდში პოლიტიკური ოპონირებისა თუ პროტესტის გამოხატვისას ბავშვის უფლებების სავარაუდო დარღვევის და მათი საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფის ფაქტებს. ბავშვის უფლებებისა და ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებები გასულ წელსაც გახდა სახალხო დამცველის მხრიდან გამოხმაურების საგანი. შექმნილი პოლიტიკური ვითარების ფონზე, პოლიტიკოსების თუ საჯარო პირების მხრიდან ხშირია კრიტიკის ადრესატების არასრულწლოვანი შვილების მიმართ საზიანო ფრაზების სოციალურ ქსელში გავრცელება თუ ქმედებები, რაც პოლიტიკური კულტურის ნაკლოვანებაზე მიუთითებს.

განსაკუთრებით დამაზიანებელია ბავშვების პოლიტიკური ოპონირების პროცესში ჩართვა და კონკრეტული პირისადმი კრიტიკული განცხადების ადრესატად მათი არასრულწლოვანი შვილების მოხსენიება, ბავშვებისთვის შეურაცხმყოფელი, მათთვის საზიანო შინაარსის ფრაზების გამოყენება და მატრავმირებელი ქმედებებისთვის მიმართვა.

აღნიშნული არა მხოლოდ აზიანებს არასრულწლოვნის ემოციურ მდგომარეობას, არამედ შეიცავს რეალურ საფრთხეს და შესაძლოა, ბავშვის მიმართ ჩაგვრაც წაახალისოს. ამ პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მართებთ პოლიტიკოსებს და საჯარო პირებს, რადგან გაცილებით მაღალია მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებების საზოგადოების მხრიდან გაზიარების ალბათობა. ამასთან, არასრულწლოვნების უსაფრთხოებისა და ინტერესების დაცვა უნდა წარმოადგენდეს საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებას და თითოეული პირის ვალდებულებას.

შესაბამისად, სახალხო დამცველის აპარატი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და მაღალი პასუხისმგებლობა, მოერიდონ ამ პროცესში ბავშვებისადმი მათთვის საზიანო შინაარსის ფრაზების გამოყენებას, და პრაქტიკისთვის მიმართვას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)