ახალი ამბები

სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე ეუთო/ოდირმა ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა წერილობით მიმართა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR) და საქართველოს პარლამენტში ინიციირებული ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით სამართლებრივი დასკვნის მომზადება სთხოვა.

საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა კანონპროექტის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შესაფასებლად მისი შესწავლა დაიწყო.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების მნიშვნელობას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და ამ მნიშვნელოვანი საქმის განსახორციელებლად საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან გეგმავს თანამშრომლობას.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ვალდებულება აქვს აღებული ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე, ეროვნული კანონმდებლობა ღია და ინკლუზიური საჯარო კონსულტაციების გზით შეიმუშაოს და მიიღოს. კონსულტაციების საჭიროება კი განსაკუთრებით მაშინ დგება, როდესაც კანონები პირდაპირ გავლენას ახდენს სამოქალაქო სექტორის საქმიანობაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)