სახალხო დამცველმა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი
2025 წლის 27 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
მემორანდუმის ფარგლებში სახალხო დამცველის აპარატი ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს განავითარონ პრაქტიკული უნარები.
მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობა ასევე, გულისხმობს ერთობლივი სემინარების, შეხვედრებისა და კონფერენციების ორგანიზებას, საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების კვლევასა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, მხარეთა მიერ ორგანიზებულ სასწავლო პროექტებსა და პროექტებში პროფესორების, ტრენერებისა და ექსპერტების ჩართულობას, ერთობლივი სასწავლო სახელმძღვანელოებისა და სხვა სახის პუბლიკაციების მომზადებასა და გამოქვეყნებაში მონაწილეობას.
შეხვედრაზე სახალხო დამცველმა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო იქნება და შემდგომში სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ განიმტკიცონ ცოდნა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ხოლო კვალიფიციური რესურსი სახალხო დამცველის აპარატს თავისი საქმიანობის უკეთ წარმართვაში დაეხმარება.