სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური საპარლამენტო ანგარიში წარადგინა
2025 წლის 10 ივნისს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა; გამოკვეთილ ტენდენციებზე ისაუბრა და სხდომის მონაწილეებს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები გააცნო.
სახალხო დამცველის 411 გვერდიანი ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ფაქტიურად სრულ სპექტრს მოიცავს და მასში ყველა მთავარი მოვლენაა განხილული, რომელზეც აპარატი 2024 წლის განმავლობაში მუშაობდა.
სხდომაზე გამოსვლისას სახალხო დამცველმა მოკლედ მიმოიხილა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის (ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები, ასევე, დევნილთა) უფლებრივი მდგომარეობა. სიცოცხლის უფლების დაცვის ჭრილში შეაფასა რუსეთის ფედერაციის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის, შოვის ტრაგედიისა და ფემიციდის შემთხვევების გამოძიებები, ასევე, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული საცხოვრებელი და სამკურნალო პირობები.
განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა 2024 წელს საპროტესტო აქციებზე გამოვლენილ უფლებადარღვევებზე, პენიტენციურ დაწესებულებებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გამოკვეთილ პრობლემებზე; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა, ბავშვთა და ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე.
გარემოს დაცვის ნაწილში ცალკე გამოყო წყალზე უფლების რეალიზაციის საკითხი, ისაუბრა ჯანმრთელობისა და შრომის უფლებების უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ცვლილებებზე.
მოკლედ მიმოიხილა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა სამოქალაქო ინტეგრაციისთვის განსახორციელებელი ღონისძიებები და რწმენისა და რელიგიის თავისუფლების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ სახალხო დამცველმა პარლამენტის წევრთა კითხვებს უპასუხა.
ანგარიში სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებგვერდზე.