ახალი ამბები

შეხვედრა თბილისი პრაიდის ოფისზე გახშირებულ თავდასხმებთან დაკავშირებით

2020 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელიც მიზნად ისახავდა „თბილისი პრაიდის“ თანამშრომლებსა და ოფისზე ბოლო თვეებში გამოვლენილი სისტემური თავდასხმის ფაქტების ყველა მხარის ჩართულობით განხილვას. შეხვედრას ესწრებოდნენ ადამიანის უფლებების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოს პროკურატურის, საერთაშორისო ორგანიზაციების და „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები.

მიმდინარე წლის 17 მაისის შემდეგ რადიკალურად განწყობილმა ჯგუფებმა არაერთხელ ესროლეს ორგანიზაციის შენობას საღებავები, კვერცხები; მოიპარეს დროშა. გარდა ამისა, ოფისის შესასვლელთან პერიოდულად იმართება სიძულვილის ენის შემცველი შეკრებები, რომელზეც ლგბტ+ თემის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა ისმის.

შეხვედრაზე „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს იმ უფლებადარღვევებზე, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში აწყდებიან, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს ინფორმაცია ლგბტ+ თემის წინააღმდეგ ჩადენილ სამართალდარღვევებზე განხორციელებული რეაგირების და სახელმწიფოს მიერ გატარებული სხვა ღონისძიებების შესახებ. დისკუსია შეეხო პრობლემის გადაჭრის გზებისა და სამომავლო ნაბიჯების შესახებ მსჯელობას.

სახალხო დამცველის აპარატი მომავალშიც უზრუნველყოფს მსგავსი შეხვედრების ორგანიზებას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)