ახალი ამბები

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე - 2022

2022 წლის 16 ნოემბერს სახალხო დამცველმა და სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა, ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა. ღონისძიების მხარდამჭერია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა - „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია ახორციელებს.

სახალხო დამცველის აპარატი ტოლერანტობის ცენტრთან, რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოებთან ერთად ბოლო 16 წელია ინტენსიურად მუშაობს ქვეყანაში ტოლერანტობის კულტურის, რელიგიის თავისუფლების, თანასწორუფლებიანობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის დასანერგად, ყოველწიურად განიხილავს განაცხადებს, აწარმოებს სტრატეგიულ სამართალწარმოებას, მათ შორის, არაერთი სარჩელი წარადგინა საკონსტიტუციო სასამართლოში - პოზიტიური სისტემური ცვლილებების მისაღწევად; გამოწვევებსა და ტენდენციებს ყოველწლიურად ასახავს საპარლამენტო და სპეციალურ ანგარიშებში.

ღონისძიების გახსნაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისიის დირექტორმა ჯონ ა. პენელმა.

შეხვედრაზე სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ ის პრობლემები მიმოიხილა, რომლებზეც წლებია სახალხო დამცველი საუბრობს და რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეების თანასწორუფლებიანობას და კეთილდღეობას. აღნიშნა, რომ კვლავ გადაუჭრელია საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური ნაგებობების რესტიტუციის საკითხი; კვლავაც გადაულახავი პრობლემაა რელიგიური ნიშნით ძალადობის ფაქტებზე ეფექტური და შედეგიანი გამოძიების წარმართვა, წლების განმავლობაში დაგროვებული ასეულობით საქმიდან ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, უმრავლესობა უშედეგოდაა შეჩერებული ან შეწყვეტილი.

„საქართველოში დღემდე არიან ადამიანები, რომლებიც მალავენ თავიანთ ეთნიკურ წარმომავლობას, იცვლიან გვარსა და ეროვნებას, რადგან არ სურთ იყვნენ სეგრეგირებული და მეორეხარისხოვნად მიჩნეული მოქალაქეები. პროცენტულად კიდევ უფრო მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც არ ამხელს თავის აღმსარებლობას.

რა უნდა დავუპირისპიროთ ამას? - ადამიანის უფლებების მტკიცე და შეუვალ დაცვასთან ერთად ასევე, აუცილებელია სიძულვილის ამ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაც, იმ განწყობის ტრანსფორმაციაზე მუშაობა, რომლის თანახმადაც ადამიანის უფლებები, ტოლერანტობა, რელიგიისა თუ გამოხატვის თავისუფლება, ლიბერალური დემოკრატია ჩვენი ქვეყნისთვის უცხო და საზიანო ფენომენებია.

ამ თვალსაზრისით, აუცილებელია ჩვენი ისტორიის, ჩვენი ტრადიციისა და კულტურის შესწავლა და სრულფასოვანი წარმოჩენა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ, კეთილი ნების ადამიანები, შევძლებთ კონსოლიდაციას უზენაესი ღირებულებისა და მიზნის გარშემო და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ალბათ ერთ-ერთ ყველაზე უფრო კრიტიკულ მომენტში თავისუფლებისა და თანასწორობის, ლიბერალური დემოკრატიის გზით მსვლელობას გავაგრძელებთ“, - განაცხადა თამარ გვარამაძემ და თავისი გამოსვლის დასასრულს მადლობა გადაუხადა თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, ეთნიკური და რელიგიური თემების წარმომადგენლებს და უცხოელ მეგობრებს მათი ფასდაუდებელი თანამშრომლობის, მხარდაჭერისა და გამხნევებისთვის.

სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენლებმა - ბექა მინდიაშვილმა, იზაბელა ოსიპოვამ და კობა ჩოფლიანმა საქართველოში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობა მიმოიხილეს და სამოქალაქო ინტეგრაციისა და რელიგიის თავისუფლების კუთხით ტოლერანტობის ცენტრის მიღწევებზე ისაუბრეს.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ეპისკოპოს რუსუდან გოცირიძის ნამუშევრების გამოფენა, ასევე, ტრადიციულად გამოავლინეს და დააჯილდოვეს 2022 წლის ტოლერანტობის ქომაგები: მეწარმე, საოჯახო სასტუმროს მფლობელი პანკისის ხეობაში ნაზი დაქიშვილი, სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა და გადაცემა „დროებას“ ჟურნალისტი დავით თამაზაშვილი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)