ახალი ამბები

ტრენინგი სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვის

2022 წლის დეკემბერსა და 2023 წლის იანვარში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგები თემაზე: დისკრიმინაციული ქცევა, მოწყვლადი ჯგუფების მახასიათებლები; ეფექტიანი კომუნიკაცია.

ორ ეტაპად გამართულ ტრენინგებზე ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ ისაუბრა დისკრიმინაციული ქცევის ანატომიაზე, ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოებაში ფესვგამდგარ მითებსა და სტერეოტიპებზე, მიმოიხილა ყველაზე ხშირად გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები; ისაუბრა ეფექტიანი კომუნიკაციის ასპექტებსა და ვერბალური დეესკალაციის ტექნიკაზე.

შეხვედრები მონაწილეთა აქტიური ჩართულობით მიმდინარეობდა; სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა ერთმანეთს განმცხადებლებთან კომუნიკაციის გამოცდილება გაუზიარეს, მოიყვანეს და განიხილეს მაგალითები თავისი სამუშაო პრაქტიკიდან.

ტრენინგი USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით გაიმართა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)