გენდერის დეპარტამენტი

დაზარალებულის მიერ ოჯახში ძალადობის საქმეზე სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის უფლება

2022 წლის 23 იანვარს სახალხო დამცველის აპარატს მომართა მოქალაქე ი. ტ.-მ, რომელიც სახალხო დამცველის რწმუნებულთან საუბრისას აღნიშნავდა, რომ ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მის მიერ სამართალდამცავი უწყებისთვის მიცემულ ჩვენებაში ისეთი ფაქტები ეწერა, რაც სინამდვილეში არ მომხდარა და არც გამოკითხვისას დაუფიქსირებია. მისი თქმით, ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტები გამოკითხვის ოქმში დამძიმებული იყო. განმცხადებელი ი. ტ. ასევე აღნიშნავდა, რომ სამართალდამცავმა უწყებამ სისხლის სამართლის საქმის, რომელ საქმეზეც დაზარალებულადაა ცნობილი, მასალების გადაცემაზე/გაცნობაზე უარი უთხრა.

საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულმა მოქალაქე ი. ტ.-ს მიაწოდა ინფორმაცია იმ უწყებების შესახებ, რომლისთვისაც სამართალდამცავი პირების მიერ შესაძლო გადაცდომის ჩადენის ფაქტზე შეეძლო მიემართა. აგრეთვე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტმა აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას მიმართა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული რეაგირების შემდეგ მოქალაქე ი.ტ.-ს მიეცა სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა. ამასთან, გამომძიებლის შესაძლო უკანონო ქმედებების შესახებ განცხადება საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გაიგზავნა და სახალხო დამცველის მიმართვაში მითითებული გარემოებების შესწავლა მიმდინარეობდა.

აღნიშნულ საქმეზე გენდერის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა გვანცა ხარატიშვილმა იმუშავა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)