გენდერის დეპარტამენტი

ქალის გარდაცვალების საქმეზე დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა

2022 წლის 8 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველს დახმარების თხოვნით მომართა მოქალაქე თ. ლ.-მ, რომელიც აცხადებდა, რომ მისი 19 წლის შვილი, ს. ბ. საკეისრო კვეთის დროს გარდაიცვალა. თ. ლ. აღნიშნავდა, რომ გარდაცვალების მიზეზი სამედიცინო სერვისის არასწორი მიწოდება გახდა.

სახალხო დამცველის წარმომადგენელთან საუბრისას თ. ლ. აცხადებდა, რომ მისი შვილის სიცოცხლის შესაძლო გაუფრთხილებლობით მოსპობის საქმეზე დაწყებულ გამოძიებაზე სათანადო რეაგირება არ ხორციელდებოდა და კონკრეტული პირი დაზარალებულად ან ბრალდებულად არ უცვნიათ. ხოლო იმის გამო, რომ თავად სისხლის სამართლის საქმის მასალებზე წვდომა არ ჰქონდა, სამართალდამცავი პირების მიერ განხორციელებულ რეაგირებას ვერ აფასებდა.

თ. ლ. ასევე აცხადებდა, რომ სსიპ სამედიცინო ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო დაწყებულ საქმის მოკვლევაზე ინფორმაციას არ აწვდიდა. შესაბამისად, უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ჩართულობა ითხოვა.

საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულმა თ. ლ.-ს კონსულტაცია გაუწია, რომ როგორც გარდაცვლილი ქალის დედას, მას ჰქონდა უფლება, სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა მოეთხოვა და აქედან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალებს გაცნობოდა. გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატმა, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ სამედიცინო ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიმართა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული რეაგირების შედეგად, გარდაცვლილი ქალის დედა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს. ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან განმცხადებელს წერილობით მიეწოდა დეტალური ინფორმაცია სსიპ სამედიცინო ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მის განცხადებაზე განხორციელებული რეაგირების შესახებ.

აღნიშნულ საქმეზე იმუშავა გენდერის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა გვანცა ხარატიშვილმა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)