კოვიდ 19

20 ივნისი ლტოლვილთა საერთაშორისო დღეა

ყოველდღიურად მსოფლიოში ათიათასობით ადამიანი იძულებულია თავისი სამშობლო, ან მუდმივი საცხოვრებელი, ომებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო დატოვოს. და მათი რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ამჟამად მსოფლიოში 82 მილიონზე მეტი იძულებით ადგილნაცვალი პირია, მათ შორის – 30 მილიონზე მეტი ლტოლვილი და თავშესაფრის მაძიებელია. მიუხედავად კოვიდ პანდემიით გამოწვეული გადაადგილების სირთულეებისა, თავშესაფრის მოთხოვნაზე მომართვიანობა მათ შორის, საქართველოში გასულ წელსაც მაღალი იყო.

საქართველოს სახალხო დამცველი კონსტიტუციური მანდატის ფარგლებში თავშესაფრის მაძიებელთა უფლებების რეალიზაციაზე ახორციელებს ზედამხედველობას და საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობას ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშში ასახავს.

საქართველოს სახალხო დამცველი უერთდება ლტოლვილთა საერთაშორისო დღის - 20 ივნისის აღნიშვნას და იმედოვნებს, რომ სახელმწიფო უფრო აქტიურ ღონისძიებებს მიმართავს იძულებით ადგილნაცვალ, მათ შორის თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებების დასაცავად. ასევე, მნიშვნელოვანია გაიზარდოს საზოგადოების ცნობადობა ამ პირთა უფლებების შესახებ, რაც მათ გაძევებისგან, დისკრიმინაციისგან, ქსენოფობიისა და სხვა ფუნდამენური უფლებების დარღვევისგან დაიცავს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)