კოვიდ 19

შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან

2021 წლის 9 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ელჩ მარეკ შჩიგელს შეხვდა და ქვეყანაში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა, სახალხო დამცველის მანდატი და აპარატის წინაშე მდგარი გამოწვევები გააცნო.

ნინო ლომჯარიამ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა წინაშე მდგარ გამოწვევებზე, როგორიცაა: კოვიდ-19-თან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების ვაქცინაციის პროცესში ჩართვის საკითხი, საოკუპაციო ხაზზე გადაადგილებისთვის, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დადგენილი ფორმალური რეჟიმი და სხვადასხვა ბარიერის დაწესება, როგორიცაა ე.წ. გამშვები პუნქტების არაპროგნოზირებადი ჩაკეტვა, უკანონო დაკავებები, გადაადგილებისათვის აუცილებელ დე ფაქტო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემები. ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქალებისა და გოგოების უფლებრივი მდგომარეობა.

სახალხო დამცველმა ასევე, ხაზი გაუსვა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის კუთხით არსებულ გამოწვევებს. კერძოდ, მიუხედავად კოვიდ პანდემიისა ოკუპირებული ახალგორიდან პაციენტების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის გართულებულ სქემას. რაც, სამედიცინო სერვისებზე არასათანადო ხელმისაწვდომობის გამო, არაერთი პაციენტის გარდაცვალების მიზეზი გახდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს, პრობლემების გადაჭრის სავარაუდო გზებზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე, მრჩეველი კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საკითხებში მერი კოჭლამაზაშვილი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადამიანის უფლებათა მრჩეველი გორიცა ბალტა და გენდერის საკითხებში მრჩეველი სინი რამო.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)