სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტი

ეკომიგრანტის საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება

ეკომიგრანტი ოჯახმა განცხადებით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს და განცხადებაში უთითებდა, რომ ცხოვრობდა სტიქიური მოვლენების გამო დაზიანებულ საცხოვრებელ სახლში და ითხოვდა უსაფრთხო გარემოში განსახლებას. განმცხადებელს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ უარი უთხრა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ეკომიგრანტთა განსახლების საკითხის განმხილველი ორგანო - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ოჯახის განსახლების საკითხზე მსჯელობის დროს არ ფლობდა ინფორმაციას განმცხადებლის საცხოვრებლის მიმდებარედ არსებული გეოლოგიური პროცესების თაობაზე, რაც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შესაბამისად, მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად მიიჩნია აპარატმა (საქმე N9590/22).

საქართველოს სახალხო დამცველმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ოჯახის განსახლების თაობაზე საქმისწარმოების განახლებისა და საცხოვრებლის მიმდებარედ არსებული გეოლოგიური პროცესების თაობაზე ინფორმაციის მოპოვების შემდეგ ახალი, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების რეკომენდაციით მიმართა.

სახალხო დამცველის რეკომენდაციის საფუძველზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ განმცხადებლის ოჯახის განსახლების თაობაზე წარმოება განაახლა, რომლის ფარგლებშიც მიმართა შესაბამის ორგანოს (სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს) ოჯახის საცხოვრებლის მიმდებარედ არსებული გეოლოგიური პროცესების შესასწავლად, გამოკვლეული იქნება რამდენად უქმნის საფრთხეს შენობის მდგრადობას და სწორედ გეოლოგიური შეფასების შედეგად მიიღება განსახლების თაობაზე გადაწყვეტილება.

აღნიშნულ საქმეზე იმუშავა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარატმენტის მთავარმა სპეციალისტმა ნინო სულამანიძემ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)