სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტი

ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება - ნარჩენების მართვა

საქართველოს სახალხო დამცველმა მოქალაქეთა კოლექტიური მომართვის საფუძველზე შეისწავლა ქ. ბათუმში, თამარის დასახლებაში ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ნარჩენების განთავსების საკითხი. საქმის მასალების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა იყოს რაც მოქალაქეთა ჯანსაღ და უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლებას არღვევდა და სახელმწიფოს მხრიდან დროული და ეფექტური ნაბიჯების გადადგმას მოითხოვდა. სახალხო დამცველმა 2020 წლის 28 დეკემბერს რეკომენდაციით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინსიტროს და მოითხოვა უმოკლეს ვადაში განხორციელებულიყო ყველა შესაბამისი სამუშაო ამ მიწის ნაკვეთზე არსებული მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად.

გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ამ საკითხზე საპარლამენტო ზედამხედველობას პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტიც ახორციელებდა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინსიტროს მიერ კი 2021 წლის აპრილში გვეცნობა, რომ ამავე თვეს გაფორმდა მემორანდუმი ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან შესაბამისი პროექტის განხორციელების მიზნით, რომელიც ითვალისწინებს ბათუმის ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიის გაწმენდას სხვადასხვა ტიპის ნარჩენისაგან და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რაც თავის მხრივ მოაგვარებს არსებულ პრობლემებს.

აღნიშნულ საქმეზე იმუშავა სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ნინო ათაბეგაშვილმა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)