სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტი

ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება - სამშენებლო სფერო

საქართველოს სახალხო დამცველი ბოლო წლებში აქტიურად ადევნებს თვალს და ეხმიანება ისეთ პრობლემებს, რომლებიც დაკავშირებულია დიდი ქალაქების, მათ შორის, თბილისის, აქტიურ, ქაოტურ და სპონტანურ განაშენიანებასთან. სახალხო დამცველის შეფასებით, ასეთ ქალაქებში ცენტრალური თუ თვითმმართველობის ხელისუფლების ორგანოები ვალდებულნი არიან მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს მაღალი განაშენიანებით გამოწვეული მძიმე და რთული მდგომარეობის შემსუბუქებას და არა პირიქით, კიდევ უფრო დამძიმებას.

ამ პრობლემას ეხება აპარატის მიერ განხილული ერთ-ერთი საქმეც, რომლის ფარგლებშიც, მოქალაქეთა მომართვის საფუძველზე ქ. თბილისში, მარაბდის ქუჩაზე დაგეგმილი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის კანონიერების საკითხი იქნა შესწავლილი. შედეგებმა ცხადყო, რომ თბილისის მერიამ სპეციალური (ზონალური) შეთანხმება საკითხის სრულყოფილი გამოკვლევისა და სათანადო დასაბუთების გარეშე, ასევე ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების საზიანოდ გასცა, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს. შედეგად, 2020 წლის 24 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შესაბამისი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის მერიამ გაიზიარა სახალხო დამცველის არგუმენტაცია და ახალ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ჯანსაღი გარემოს შენარჩუნება დღეს საყოველთაო გამოწვევას წარმოადგენს, რაც წინამდებარე შემთხვევაში გათვალისწინებული არ ყოფილა. ამასთან, განმარტა, რომ სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქმიანობა შეიძლება შეიზღუდოს, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, საჯარო ინტერესებს და ხელყოფს სხვათა უფლებებს. შედეგად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ჯანსაღი გარემოს შენარჩუნების სასარგებლოდ სპეციალური (ზონალური) შეთანხმების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 7 აგვისტოს N3383 ბრძანება გააუქმა.

აღნიშნულ საქმეზე იმუშავა სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ნინო ათაბეგაშვილმა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)