სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტი

ხანდაზმულ პირთა უფლებები

2022 წლის 17 ივნისს, საქართველოს სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფმაკახეთში, სიღნაღის რაიონში მდებარე, წნორის ხანდაზმულთა სახლის, ა(ა)იპ „ხანდაზმულთა სავანე ბეთელის“ მონიტორინგი განახორციელა.მონიტორინგმა აჩვენა, რომ დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა შემაშფოთებელი იყო და ხანდაზმულები ღირსების შემლახველ პირობებში იმყოფებოდნენ.

წნორის ხანდაზმულთა სახლი სათემო ორგანიზაციაა, სადაც განთავსებული იყო 21 ხანდაზმული, მათგან 17 ბენეფიციარის მომსახურებას სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო“ აფინანსებდა. შესაბამისად, სახელმწიფოა პასუხისმგებელი ხანდაზმულთა საცხოვრებელი მდგომარეობის მონიტორინგზე, აგრეთვე, ხანდაზმულთათვის სერვისის მიმწოდებლის მხრიდან სათანადო პირობების უზრუნველყოფაზე.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ხანდაზმულთა სახლში ბენეფიციარები მძიმე ანტისანიტარიულ, ღირსების შემლახველ პირობებში ცხოვრობდნენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა და აღწერილ დარღვევებზე მყისიერი რეაგირებისა და დაწესებულებაში მყოფი ხანდაზმული პირების სხვა, ისეთ დაწესებულებებში გადაყვანის თაობაზე, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნებოდნენ ღირსეული პირობებით, მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“.

სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილზე განახორციელეს მონიტორინგი და მომზადდა ანგარიში და მასში დაფიქსირებული მიგნებები და რეკომენდაციები შემდგომი რეაგირების განსახორციელებლად, გადაეგზავნა სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტსა და ა(ა)იპ ხანდაზმულთა სავანე ბეთელს, რომელსაც მიღებული რეკომენდაციების შესრულების უზრუნველსაყოფად განესაზღვრა კონკრეტული ვადა.

აღნიშნულ საკითხზე იმუშავეს სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა - თინათინ ფალავანდიშვილმა და ნინო შალამბერიძემ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)