შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სათემო ორგანიზაციაში არსებული მდგომარეობა

2022 წლის აგვისტოს თვეში სახალხო დამცველის აპარატის აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოსთვის (თელავის ოფისი) ცნობილი გახდა ინფორმაცია სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში მდებარე სათემო ორგანიზაციაში - ა(ა)იპ „უზრუნველი სიბერე“ განთავსებული ბენეფიციარების უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტების შესახებ. კერძოდ, დაწესებულებაში ადგილი ჰქონდა მძიმე ჰიგიენურ და სანიტარულ მდგომარეობას, ბენეფიციარებს არ მიეწოდებათ საკმარისი რაოდენობის საკვები. ასევე, თანამშრომელთა და ბენეფიციართა თანაფარდობა არ იყო დაცული. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე სახალხო დამცველის აპარატმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო საქმის (N 7516/22) შესწავლა.

სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტმა აწარმოა შესაბამისი კომუნიკაცია პასუხისმგებელ პირებთან. მათ შორის, გაიგზავნა წერილები სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში.

სახალხო დამცველის აპარატის მიმართვის საფუძველზე, სააგენტოს მონიტორინგისა და პროექტების დიზაინის დეპარტამენტის მონიტორინგისა და შეფასების სამმართველოს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განახორციელეს ვიზიტი ,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რეგისტრირებულ სათემო ორგანიზაციაში ა(ა)იპ „უზრუნველი სიბერე." განხორციელებული ვიზიტის შედეგად გამოვლინდა როგორც „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის სათემო ორგანიზაციის მომსახურების უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“, ისე, „სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მომსახურების მინიმალური სტანდარტების“ დარღვევის ფაქტები.

შესაბამისად, სამინისტრომ მიიღო ორგანიზაციის ა(ა)იპ ,,უზრუნველი სიბერე" რეგისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილება. ორგანიზაციისთვის რეგისტრაციის შეწყვეტის შემდგომ, ბენეფიციარების განაწილება მოხდა შემდეგ დაწესებულებებში: ა(ა)იპ „ქარე“, შპს „მუხრანის სავანე“ და ა(ა)იპ „ბროწლიანის სათნოების სახლი.“

აღნიშნულ საქმეზე იმუშავეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ლიკა ბაციკაძემ და აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა ნათია ფიცხელაურმა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)