სიახლეები

თემატური საინფორმაციო დოკუმენტის - „გენდერის ნიშნით ჩადენილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების“ პრეზენტაცია

2021 წლის 30 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ გამართულ შეხვედრას დაესწრო, რომლის ფარგლებში წარდგენილ იქნა თემატური საინფორმაციო დოკუმენტი - „გენდერის ნიშნით ჩადენილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები.“

დოკუმენტში გენდერის ნიშნით ჩადენილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის დეფინიცია, იდენტიფიცირების გზები და პრობლემის გადაჭრის საშუალებებია ასახული.

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას საქართველოში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ლგბტ+ პირთა მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების პრაქტიკაზე, სახალხო დამცველის როლსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. „საქართველოს სახალხო დამცველი, როგორც თანასწორობის ორგანო, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს გენდერული თანასწორობის მიღწევას ქვეყანაში. ჩვენ შევისწავლით დისკრიმინაციული დანაშაულების პრაქტიკას და ხშირ შემთხვევაში, ჩვენ მიერ გაცემული რეკომენდაციები სისტემური ხასიათის ცვლილებების მომტანი ხდება. სამწუხაროდ, ქვეყანაში კვლავ მაღალია ფემიციდისა და ლგბტ+ ადამიანების მიმართ ძალადობის მაჩვენებელი, სამართალდამცავი უწყებების მიმართ უნდობლობა კი ასეთი ტიპის შემთხვევებს სისტემისთვის ხშირად უხილავს ხდის, რაც სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.“

შეხვედრას ესწრებოდნენ მონაწილეები ეუთოს 57 წევრი ქვეყნიდან, მათ შორის იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციების, ეუთოს საველე ოპერაციების, სამოქალაქო საზოგადოების, სამეცნიერო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტების წარმომადგენლები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ტელ: 291 38 14 ცხელი ხაზი: 1481 (24/7)