სპეციალური ანგარიშები.

ყოველწლიური სპეციალური ანგარიში „საქართველოში თანასწორობის მდგომარეობის შესახებ“ N8

2023 წლის 11 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა თანასწორობის მდგომარეობის შესახებ მე-8 ყოველწლიური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიში მიმოიხილავს 2022 წლის განმავლობაში თანასწორობის უფლების რეალიზაციის მხრივ არსებულ დაბრკოლებებს, რომელსაც ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ლგბტ+ თემის წევრები და სხვა დაუცველი ჯგუფები სხვადასხვა სფეროში აწყდებოდნენ. ანგარიშის ბოლოს, მოცემულია რეკომენდაციები შესაბამისი ადრესატების მიმართ.

საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის 153 ფაქტი შეისწავლა. მათგან ყველაზე მეტი - 20% განსხვავებული მოსაზრების ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევას შეეხებოდა. სქესის/გენდერის და შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებზე განმცხადებელთა 13-13% მიუთითებდა. სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით - 11%, ხოლო ეთნიკური წარმომავლობის საფუძველზე დისკრიმინაციაზე განმცხადებელთა 10% დავობდა. ეროვნების/მოქალაქეობის დაცული ნიშანი 7%-ში, პოლიტიკური შეხედულება კი განცხადებების 4%-ში იკვეთებოდა. რელიგიის და პროფესიული კავშირის წევრობის გამო სავარაუდო დისკრიმინაცია ვლინდებოდა მომართვების 2-2%-ში. სხვა ნიშნების საფუძველზე დისკრიმინაციულ მოპყრობაზე დავა განცხადებების 18%-ს შეადგენდა.

2022 წლის განმავლობაში სახალხო დამცველმა თანასწორობის საკითხებზე 10 რეკომენდაცია და 3 ზოგადი წინადადება გამოსცა და 2 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება მოამზადა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)