სპეციალური ანგარიშები.

სპეციალური ანგარიში „არასათანადო მოპყრობის ზოგადი და სპეციალური მუხლებით კვალიფიკაციის პრაქტიკული ანალიზის“ შესახებ

2023 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა „არასათანადო მოპყრობის ზოგადი და სპეციალური მუხლებით კვალიფიკაციის პრაქტიკული ანალიზის“ სპეციალური ანგარიში წარადგინა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, გენერალური პროკურატურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ანგარიში არასათანადო მოპყრობის ზოგადი და სპეციალური მუხლებით კვალიფიკაციის პრაქტიკული ანალიზის კვლევას ეფუძნება, რომლის ფარგლებშიც, სასამართლოების მიერ 2013-2019 წლებში 68 სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი 131 გადაწყვეტილება იქნა შესწავლილი.

სპეციალურ ანგარიშში გამოვლენილია საკანონმდებლო ხარვეზები და პრაქტიკაში არსებული ნაკლოვანებები, მათ შორის, არასათანადო მოპყრობისთვის განსაზღვრული სასჯელის პროპორციულობისა და აღსრულების მიმართებით საპროცესო შეთანხმების, ამნისტიისა და შეწყალების გამოყენების საკითხები; ასევე წარმოდგენილი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები.

ანგარიშის მიგნებები საერთო სასამართლოების მიერ სწორი სამართლებრივი შეფასებისა და განმარტებების განზოგადებას და საგამოძიებო ორგანოებისთვის სახელმძღვანელო რეკომენდაციების მომზადებას შეუწყობს ხელს.

ლევან იოსელიანმა მოხელეების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტების სამოხელეო დანაშაულის ზოგადი ნორმებით კვალიფიკაციის გამოკვეთილ შემთხვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების კონტექსტში - კანონმდებლობა ნათლად, ორაზროვნების გარეშე, ამომწურავად უნდა ახდენდეს არასათანადო მოპყრობის კრიმინალიზაციას მხოლოდ სპეციალური ნორმებით (სსკ-ის 1441-1443 მუხლები) და პრაქტიკაში გამორიცხავდეს ამ დანაშაულების სხვა მუხლებით კვალიფიკაციის შესაძლებლობას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)