სიახლეები

სახალხო დამცველი ნამოხვანის ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებს შეხვდა

2021 წლის 8 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნამოხვანის ჰესის მშენებლობის ადგილს ეწვია და მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებს შეხვდა.

სახალხო დამცველს დაუსაბუთებლად მიაჩნია აქციის მონაწილეთათვის გადაადგილების შეზღუდვის საჭიროება. „ჩამოვედი და პირადად შევხვდი ამ ადამიანებს, რათა გამეგო იმ მოთხოვნებისა და პრობლემების შესახებ, რომელთა გადაჭრაშიც შემიძლია დავეხმარო. მთავარი, რაც ამ ადამიანებს აწუხებთ, ეს არის საქართველოსა და ჰესის მშენებელ კომპანია „ენკას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელშიც, მათი მოსაზრებით, იგნორირებულია სახელმწიფოს და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები; ეს ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ქართული სახელმწიფოს ინტერებს. ასევე უცნობია რა არგუმენტებით უზღუდავს პოლიცია აქციის მონაწილეებს გადაადგილების თავისუფლებას, მითუმეტეს, რომ შეკრების ძალადობრივ აქციაში გადაზრდის არანაირი წინაპირობა, მინიშნება ან მოწოდება არ იკვეთება“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი სახელმწიფოს მოსახლეობასთან მეტი დიალოგისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ „ინფორმაციის ნაკლებობა მოსახლეობაში ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს. ამ ფონზე, აუცილებელია პარლამენტმა და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ დაინტერესებულ მხარეებს სწორი და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ“.

აქციის მონაწილეები 160 დღეზე მეტია აპროტესტებენ ნამოხვანჰესის მშენებლობას. ამ პერიოდის განმავლობაში არაერთხელ გამოიკვეთა სახელმწიფოს მხრიდან გამოხატვის თავისუფლების უფლების დარღვევის ფაქტები, რასაც სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 6 აპრილს ასევე შეხვდა ჰესის მშენებელი კომპანია „ენკას“ ხელმძღვანელობას, რომლებიც ცალკეული პირების მხრიდან კომპანიის თანამშრომლებზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობდნენ. სახალხო დამცველის აპარატი მზად არის, დოკუმენტაციის მიღების შემდგომ, იმოქმედოს თავისი მანდატის ფარგლებში და რეაგირებისთვის შესაბამის უწყებას მიმართოს.

უნდა აღნიშნოს, რომ ნამოხვანჰესის საკითხი ფართოდ არის განხილული სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)