ახალი ამბები

სახალხო დამცველი ალტ-ინფოს“ მხარდამჭერების მიერ პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოხსნასა და დაწვას ეხმაურება

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ყველა კონსტიტუციურმა ორგანომ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინ, პროდასავლური კურსის გამოსახატავად აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოგდება, დაწვა და მსგავსი შეურაცხმყოფელი ქმედებები, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის არათუ შემაფერხებელი ფაქტორია, არამედ ასევე შეურაცხყოფს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით, რომელიც კონსტიტუციური ჩანაწერით არის გამყარებული.

რა თქმა უნდა, ადამიანთა ნებისმიერ ჯგუფს აქვს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, თუმცა ნებისმიერი შეკრება უნდა იყოს მშვიდობიანი, არ უნდა ახალისებდეს ძალადობას და არ ეწინააღმდეგებოდეს ქვეყნის კონსტიტუციურ პრინციპებს“, - განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)