ახალი ამბები

სახალხო დამცველი ამნისტიის შესახებ კანონპროექტებს მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოს პარლამენტში ამჟამად განიხილება მიხეილ სარჯველაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ამნისტიის შესახებ. ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიას საქართველოს პარლამენტს ასევე წარუდგენს პარტია „ლელო“. საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება აღნიშნულ ინიციატივებს და იმედოვნებს, რომ პარლამენტი შემჭიდროვებულ ვადებში განიხილავს და დაამტკიცებს ამნისტიის კანონს, რომელიც კოვიდ-პანდემიის პერიოდში პენიტენციურ სისტემაში მყოფ მაქსიმალურად ბევრ პატიმარს მოიცავს და თანხვედრაში იქნება სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებსა და დაზარალებულთა მიმართ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებებთან.

სახალხო დამცველი კოვიდ-პანდემიის დაწყებისთანავე აქტიურად მოუწოდებდა სახელმწიფოს, გამოეყენებინა ყველა შესაძლო მექანიზმი ციხის პოპულაციის განსატვირთად. მიუხედავად იმისა, რომ რიგი საშეღავათო მექანიზმების გამოყენების მაჩვენებელი 2020 წელს გაიზარდა (მაგ. სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის სტატისტიკა), 2020 წელს შემცირდა პირობით ვადამდე გათავისუფლების მაჩვენებელი. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს პარლამენტი გაითვალისწინებს კოვიდ-პანდემიის პირობებში პატიმართა უფლებების დამატებითი შეზღუდვის სიმძიმეს და აღნიშნული ამნისტიით მაქსიმალურად დააკომპენსირებს პატიმართა მდგომარეობას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)