ახალი ამბები

სახალხო დამცველის აპარატმა საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებელში მართლმსაჯულების საკითხებზე ტრენინგები გამართა

2025 წლის 20 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით, სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მიზნით, საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებელში ტრენინგების მორიგი ეტაპი გამართა.

ამჯერად ტრენინგები ჩაუტარდა შიდა ქართლის რეგიონის 8 საჯარო სკოლის 230 მოსწავლეს, ასევე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის32 სტუდენტს.

წინა ტრენინგების მსგავსად, შეხვედრების თემატიკა იყო არასრულწლოვანთა უფლებები მართლმსაჯულებაში, არასათანადო მოპყრობა და მისი პრევენცია, სახელმწიფოს ნეგატიური და პოზიტიური ვალდებულებები, საპოლიციო ღონისძიებები და პირის უფლებები მათი განხორციელების ფარგლებში, პენიტენციური სისტემა, სახალხო დამცველის მანდატი და აპარატის საქმიანობა საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის შემოდგომაზე, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტრენინგები ჩაუტარეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სულ 38 საჯარო სკოლის 1 329 მოსწავლეს, ასევე, 7 უმაღლესი სასწავლებლის 194 სტუდენტს.

სახალხო დამცველის აპარატი, ცნობიერების ამაღლების მიზნით, წლებია აქტიურად მართავს შეხვედრებს სკოლის მოსწავლეებთან და სტუდენტებთან. მათი ჩართულობა და გამოხატული მაღალი ინტერესი კი მსგავსი ტიპის შეხვედრების საჭიროებაზე მეტყველებს. სახალხო დამცველის აპარატი მადლობას უხდის საჯარო სკოლებისა და უნივერსიტეტების ადმინისტრაციებს ეფექტიანი თანამშრომლობისთვის და მომავალშიც განაგრძობს ამ მიმართულებით აქტივობებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)