ახალი ამბები

სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიში წარადგინა

2021 წლის 23 ივნისს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა და მოკლედ მიმოიხილა ანგარიშში შესული თემატური მიმართულებები.

თავისი გამოსვლა სახალხო დამცველმა ბავშვის უფლებებზე საუბრით დაიწყო, ვრცლად ისაუბრა ბავშვთა სიღარიბეზე და მის შედეგებზე, ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები ბავშვების უფლებრივ მდგომარეობაზე; ოჯახში ძალადობის და განსაკუთრებით შემაშფოთებელ სექსუალური ძალადობის საქმეებზე; სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგთა სიმცირეზე. ბავშვთა სუიციდის აღმოფხვრისკენ მიმართული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის არარსებობაზე; სათანადო ტექნიკური მხარდაჭერის გარეშე, ხანგრძლივი დისტანციური სწავლების რისკებზე; ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებზე, რომელთა საფრთხეებიც პანდემიამ კიდევ უფრო გაზარდა.

სიცოცხლის უფლების დაცვის კუთხით სახალხო დამცველმა ჯანმრთელობის პრობლემების მქონე გარდაცვლილი პატიმრების საქმეზე ისაუბრა, სადაც პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის არასათანადო ხარისხი გამოიკვეთა. ხაზი გაუსვა ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული პირებისთვის სომატური (ფიზიკური) ჯანმრთელობის პრობლემების არასათანადო მკურნალობას, რაც პაციენტთა გარდაცვალებას იწვევს. მიმოიხილა გიორგი შაქარაშვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის და ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის გამოძიების ხარვეზები. აღნიშნა, რომ გაზრდილია ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა მიმართ პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობის მაჩვენებელი.

პენიტენციურ სისტემაში არსებული არაფორმალური მმართველობის გამო, 2020 და 2021 წლებში სხვადასხვა დროს N15, N8 და N17 დაწესებულებებში პატიმართა კონკრეტულმა ჯგუფმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს მონიტორინგის ჩატარების საშუალება არ მისცა.

სახალხო დამცველის შეფასებით, არასათანადო მოპყრობას წარმოადგენს პატიმართა (მათ შორის, არასრულწლოვან ბრალდებულთა) დეესკალაციისა და სამარტოო საკნებში დიდი პერიოდით, ხშირად, დასჯის მიზნით და დაუსაბუთებლად მოთავსების პრაქტიკა.

არასათანადო მოპყრობას უტოლდება ზოგიერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული საყოფაცხოვრებო პირობები, ფიზიკური ძალადობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ხშირი შემთხვევები, როგორც თანამშრომელთა მხრიდან პაციენტების მიმართ, ისე თავად პაციენტებს შორის. არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას უტოლდება ტრანკვილიზაციის პრაქტიკა და ასევე, მკურნალობის ნაცვლად, ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის საშუალებების გამოყენება.

თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების თავში სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა ე.წ. კომენდანტის საათზე; ასევე კარანტინსა თუ იზოლაციაში მოთავსებულთათვის გასაჩივრების სირთულეებზე. აღნიშნა, რომ გამართულად არ მუშაობს პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმი.

სამართლიან სასამართლოზე საუბრისას ხაზი გაუსვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში გამოვლენილ უკიდურესად შემაშფოთებელ დარღვევებს და მოსამართლეთა დანიშვნა/არჩევის წესის გაუმჭვირვალობას; დისტანციური სასამართლო პროცესების ხარვეზებს, სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის პრობლემებს. მიმოიხილა ლაშა თორდიას, გიორგი რურუას, ნიკანორ მელიას და ე.წ. „კარტოგრაფების“ საქმეები.

გამოხატვის თავისუფლების მხრივ საყურადღებო იყო აჭარის ტელევიზიის მოვლენები, ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულებების არაეფექტური გამოძიება; გამოხატვის და შეკრების თავისუფლებით დაცულ სფეროში გაუმართლებელ და არაპროპორციულ ჩარევის გახშირებული ფაქტები.

გარემოს დაცვის უფლების მიმართულებით 2020 წელს გამოიკვეთა ენერგეტიკული პოლიტიკის გამოწვევები, ქალაქთმშენებლობისას ადამიანის უფლებების უგულებელყოფა; სახიფათო ნარჩენების მართვის პრობლემები. გაუმართავია ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის მექანიზმი და ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა. ანგარიშში შეფასებულია ასევე ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები.

ანგარიშში განხილულია შრომის კანონმდებლობის რეფორმა, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამებითა და სერვისებით სარგებლობის სირთულეები, შეზღუდული საბიუჯეტო და ინფრასტრუქტურული რესურსები და ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გამოწვევები.

პანდემიამ დაამძიმა ჯანდაცვის სექტორის მდგომარეობა, განსაკუთრებით პრობლემური იყო 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია-მკურნალობა და ცალკეულ შემთხვევაში პაციენტების გარდაცვალება.

უმძიმესია სამედიცინო პერსონალის უფლებრივი მდგომარეობა. 2019 წლის კვლევების მიხედვით, დამხმარე სამედიცინო პერსონალი 40 საათზე მეტს მუშაობს და მათი 84.6%-ის ხელფასი 500 ლარზე ნაკლებია, ხოლო 100% არ იღებს ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის ანაზღაურებას არც ჩვეულებრივ და არც უქმე დღეებში. მოსახლეობას ხელი არ მიუწვდება იაფფასიან მედიკამენტებზე, მითუმეტეს, რომ ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, ფასები ბოლო ერთ წელიწადში 9.7 პროცენტით გაიზარდა.

ანგარიშში ასევე, შეფასებულია 2020-ის საპარლამენტო არჩევნები.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობასთან დაკავშირებით ანგარიშში განხილულია ე.წ. გამშვებ პუნქტებზე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, რაც სამედიცინო სერვისებზე ხელმიუწვდომლობის გამო ადამიანთა გარდაცვალებას იწვევს. საუბარია უკანონო დაკავებებზე, მათ შორის, ზაზა გახელაძის, ვაჟა გაფრინდაშვილის, გენადი ბესტაევის, ირაკლი ბებუას, რამაზ ბეღელურის, მირიან თაზიაშვილისა და ხვიჩა მღებრიშვილის შემთხვევებზე. ხაზგასმულია ენგურის გადაცურვით ზუგდიდში მოხვედრის მცდელობები, რამაც ადამიანთა გარდაცვალება გამოიწვია; პრობლემაა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა და პირველკლასელთა რაოდენობის კლება. აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხშირია პატიმართა ცემა, არასათანადო მოპყრობა და წამება დროებით იზოლატორებსა თუ საპყრობილეებში.

თანასწორუფლებიანობის მხრივ ყველაზე მეტი დაბრკოლება კვლავ ქალებს, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს, ლგბტ+ თემის წევრებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ექმნებათ. 2020 წელს სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის 113 შემთხვევა განიხილა, სადაც გამოვლინდა დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში, დისკრიმინაცია ჟურნალისტების მიმართ, სექსუალური შევიწროება. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კვლავ სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიება და პრევენცია რჩება.

გენდერული თანასწორობის კუთხით დადებითი მოვლენა იყო საპარლამენტო გენდერული კვოტირების მექანიზმის დანერგვა. თუმცა, კვლავ მოგვარებას საჭიროებს: სქესთა შორის შემოსავლის საშუალო მაჩვენებლის სხვაობა, ფემიციდის შემთხვევების ზრდა, ხარვეზიანი კანონმდებლობა. დაბალია ტრეფიკინგის შემთხვევათა გამოვლენის მაჩვენებელი და სერვისებით მოსარგებლე პირთა რაოდენობა. ადრეულ ასაკში ქორწინების და ნიშნობის პრაქტიკა გამოწვევად რჩება; ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაში არ ასახულა ლგბტ+ ადამიანების სოციალური და ეკონომიკური საჭიროებები.

პანდემიასთან ბრძოლის სახელმწიფო ანტიკრიზისულ გეგმებში სათანადოდ არ არის გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებები, პანდემიის პირობებში ეფექტიანად არ სრულდება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა მკურნალობის პროტოკოლები. დეინსტიტუციონალიზაციის პოლიტიკის მიუხედავად, შშმ პირთა გარკვეული ნაწილი კვლავ დიდი ზომის რეზიდენტულ დაწესებულებებში ცხოვრობს.

2020 წლის ბოლოს მონაცემებით, საქართველოში 288 146 დევნილი პირი და 91 023 დევნილი ოჯახია რეგისტრირებული. მათი ნაწილი კვლავ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებში ცხოვრობს.

ანგარიშში საუბარია ეკომიგრაციის პრევენციის მნიშვნელობაზე; ასევე, მოქალაქეობის არმქონე და დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე პირების უფლებრივ მდგომარეობაზე.

კულტურული მემკვიდრეობის თავში განხილული გელათის საკითხი და საფრთხეში მყოფი ძეგლები: ბათუმის ურბანული მემკვიდრეობა, ხადას ხეობა და დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი.

ანგარიშში ასახულია ადამიანის უფლებების სწავლების მიმართულებით გაწეული საქმიანობა .

ეროვნული უმცირესობებისთვის კვლავ პრობლემური იყო: განათლების უფლების სრულყოფილი რეალიზება, კულტურული ძეგლების მდგომარეობა, პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა, მედიის ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, მათთვის გასაგებ ენაზე ინფორმაციაზე წვდომა და სხვა საკითხები.

რწმენისა და რელიგიის თავისუფლების მხრივ დისკრიმინაციულია საგადასახადო და სახელმწიფო ქონების, საკუთრების უფლებით სარგებლობის შესახებ კანონმდებლობა, რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებული მიდგომა. გამოწვევას წარმოადგენს სავარაუდო სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე წარმოებული გამოძიების არაეფექტიანობა; ასევე, საჯაროდ გაკეთებული ანტისემიტური და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციული განცხადებები.

ანგარიშში ყურადღება ეთმობა სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურებას და სამხედრო მოსამსახურეთა საცხოვრებელ პირობებს.



იხილეთ ფოტო გალერეაflickr-ზე

სახალხო დამცველის წლიური ანგარიში საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)