ახალი ამბები

სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისა და გოგოების უფლებრივ საკითხებთან დაკავშირებით

2022 წლის 28 აპრილს, საქართველოს სახალხო დამცველისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის თანამშრომლობით, საქართველოში არადომინანტი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ქალებისა და გოგოების უფლებრივ საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, სადაც ორი სპეციალური ანგარიში წარმოადგინეს.

ერთი ანგარიში ეხება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალებისა და გოგოების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებსა და უფლებრივ მდგომარეობას; მეორე ანგარიშში კი ქვემო ქართლში ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკისა და არსებული განწყობების შესახებ კვლევის ძირითადი მიგნებებია განხილული.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის (UNFPA) ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელი მაკა ფერაძე.

არადომინანტი ეთნიკური ჯგუფების ქალებისა და გოგოების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შეფასება საქართველოში ანგარიში კვლევის ავტორმა, ესმა იმერლიშვილმა წარმოადგინა.

კვლევამ აჩვენა, რომ რიგი სოციალურ-კულტურული ფაქტორები, უპირატესად კი, გენდერული ნორმები და სექსუალობასთან დაკავშირებული სტიგმა, ხშირად იწვევს არადომინანტი ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი ქალებისა და გოგოების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების დარღვევას. ამას ემატება ინფორმაციის ნაკლებობა, რომელსაც კიდევ უფრო ამწვავებს ენობრივი ბარიერი.

ადრეული/ბავშვობის ქორწინების მავნე პრაქტიკაზე ქვემო ქართლში კვლევის ავტორმა და პლატფორმა სალამის წარმომადგენელმა ქამრან მამადლიმ ისაუბარა. კვლევამ გამოკვეთა, რომ სახელმწიფო უწყებებსა და თემის წევრებს ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხის შესახებ არსებითად განსხვავებული შეხედულებები და ახსნები აქვთ და თემის წევრები არ იზიარებენ გენდერული თანასწორობის იმ პრინციპებს, რომლებსაც ადგილზე მომუშავე უწყებები ახმოვანებენ. უნდა აღინიშნოს, რომ ეთნიკური უმცირესობების შესახებ უწყებებს შიგნით არსებული სტერეოტიპები და ცრურწმენები, ხშირად, მათ ამ საკითხზე სიღრმისეული და სრულყოფილი სამუშაოების ჩატარების პროცესში ხელს უშლით.

ანგარიშები მოამზადა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის, „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. ქვემო ქართლში ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკისა და არსებული განწყობების შესახებ კვლევაში კი, ასევე მონაწილეობა მიიღო პლატფორმა სალამმა.

აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის და მასშტაბის კვლევები საქართველოში პირველად ჩატარდა.

იხილეთ ელექტრონული ანგარიში - საქართველოში არადომინანტი ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი ქალებისა და გოგოების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა

იხილეთ ელექტრონული ანგარიში - ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკა ქვემო ქართლში: განწყობების კვლევა

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)